უკრაინის ელჩი გერმანიაში: მალე 110 Leopard 1-ის ტანკს მივიღებთ
უკრაინის ელჩმა გერმანიაში ოლექსი მაკეევმა განაცხადა, რომ კიევი უახლოეს მომავალში Leopard 1-ის ტანკებს მიიღებს. ამის შესახებ Європейська правда წერს.
"110 Leopard 1A5. მალე", - დაწერა ელჩმა Twitter-ზე და გამოაქვეყნა ფოტო ერთ-ერთი ტანკის ფონზე.
მაკეევს დეტალები არ დაუსახელებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბარია ტანკებზე, რომელთა გადაცემაც თებერვალში ნიდერლანდებმა, გერმანიამ და დანიამ გადაწყვიტეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს მოიცავს ყოფილ დანიურ Leopard-ებს, რომლებიც 2010 წლიდან აღარ არის დანიის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში და ისევ გერმანულ მწარმოებელ Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft-ს მიჰყიდეს.
28 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ტანკისტებმა Leopard 1-ის ტანკებზე წვრთნები უკვე დაიწყეს.
მაისის დასაწყისში დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა გამოაცხადა, რომ Leopard 1-ის ტანკები უკრაინისთვის გადასაცემად 1 ივნისამდე იქნება მზად.