უკრაინის კონტრშეტევა მაისში დაიწყება - NYT
ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა მაისში დაიწყება. ამის შესახებ The New York Times წერს.
"აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უზარმაზარი რისკების მიუხედავად, უკრაინა მომდევნო თვეში კონტრშეტევისთვის ემზადება. გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს და მოლაპარაკებების დასაწყებად ან კონფლიქტის გასაყინად კიევზე სერიოზული ზეწოლა დაიწყოს." - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა და ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა მიაწოდეს მომავალი ბრძოლისთვის და იმედია, რომ ეს მარაგი დიდხანს იქნება საკმარისი.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ უკრაინამ არ გაუზიარა თავისი ოპერატიული გეგმის დეტალები აშშ-ის ოფიციალურ პირებს, თუმცა, სავარაუდოდ, ოპერაცია ქვეყნის სამხრეთით, მათ შორის აზოვის ზღვის უკრაინის სანაპიროსკენ, ანექსირებულ ყირიმთან განვითარდება.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები მიზნად ისახავენ კარგად გამაგრებული რუსული თავდაცვის გარღვევას და რუსეთის არმიაში ფართომასშტაბიანი კოლაფსის შექმნას. ამავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შეტევამ დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს.