უკრაინის მხარეს მებრძოლი ბრიტანელი სევეროდონეცკში გარდაიცვალა
10 ივნისს, უკრაინის მხარეს მებრძოლი ბრიტანეთის მოქალაქე ჯორდან გეტლი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. ამის შესახებ 11 ივნისს მისმა მამამ დინ გეტლიმ ფეისბუქზე განაცხადა.
"გუშინ (2022 წლის 10 ივნისს) მივიღეთ საშინელი ამბავი, რომ ჩვენი ვაჟი ჯორდანი ქალაქ სევეროდონეცკში გარდაიცვალა", - წერს ის.
ბრიტანელი მოხალისის მამამ თქვა, რომ "ჯორდანმა ბრიტანეთის არმია მიმდინარე წლის მარტში დატოვა უკრაინის დასახმარებლად წავიდა".
"მისი გუნდი ამბობს, რომ ის ყველას უყვარდა ისევე, როგორც ჩვენ და მან დიდი ცვლილება შეიტანა მრავალი ადამიანის ცხოვრებაში, არა მხოლოდ როგორც მებრძოლმა, არამედ როგორც უკრაინელი სამხედროების ინსტრუქტორმა. ჯორდანი და მისი გუნდი ისე ამაყობდნენ მათი შრომით. ის ხშირად მეუბნებოდა, რომ მისიები, რომლებსაც ისინი ასრულებენ, საშიშია, მაგრამ აუცილებელი. მას უყვარდა თავისი საქმე და ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით. ის ნამდვილად იყო გმირი და სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში", - წერს გარდაცვლილის მამა.