უკრაინის საგარეო უწყება: რუსებმა უკრაინაში 80 000 კმ² ტერიტორია დანაღმეს
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო 80 000 კმ² ტერიტორია დანაღმულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აპრილს განაცხადა.
სამინისტროს თქმით, რუსეთის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენება ნაღმების საშიშროებას ათჯერ ზრდის.
"თუკი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის პირველი ტალღის გამო ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაახლოებით 16 000 კმ²-ის გასუფთავება იყო საჭირო, დღეს, წინასწარი შეფასებით, საუბარია უკრაინის ტერიტორიის 80 000 კმ²-ზე. რუსი დამპყრობლები აგრძელებენ სიკვდილისა და დასახიჩრების თესვას უკრაინის მიწაზე. მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე და კრძალავს მათ გამოყენებას, რუსეთის ფედერაცია ზრდის მათი გამოყენების მასშტაბებს უკრაინაში და ცდის ახალ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, როგორიცაა POM-3 ("მედალიონი") და სხვები." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ებრძვის არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც უხეშად არღვევს ომის კანონებსა და წესებს. კერძოდ, რუსი სამხედროები მასიურად იყენებს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულ ბომბებს. უკან დახევისას მათ დანაღმეს კვების ობიექტები, კერძო სახლები და ადამიანთა ცხედრებიც კი.