უკრაინის შსს: ერთ თვეში 600-მდე დივერსანტი დავაკავეთ
უკრაინელმა სამართალდამცავებმა ერთ თვეში 600-მდე დივერსანტი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი იენინმა განაცხადა.
"მხოლოდ ეროვნული პოლიციის განყოფილებებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 600-მდე დივერსანტი დააკავეს. ეს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები განსხვავებული იყო შემადგენლობით, ხალხის რაოდენობით და, ცხადია, სხვადასხვა დავალებების შესრულებას აპირებდნენ. მათ ძირითადად მტერი იყენებდა ჩვენი ჯარების პოზიციების დასაზვერად, რადგან მათ მობილურ ტელეფონებში არის ჩვენი შეიარაღებული ძალების, სხვა სამხედრო ნაწილების, საგუშაგოების და ტექნიკის ფოტოები", - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში გუშინ ღამით დივერსიული დაჯგუფების სულ მცირე ხუთი პოტენციური წევრი დააკავეს, ისინი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს.
"უცნობებს გზა არ უნდა უთხრათ, ყურადღება უნდა მიაქციოთ რუსულ ენას, ადგილზე დეზორიენტაციას და სხვა საეჭვო ნიშნებს. თუ რამე საეჭვოს ხედავთ, აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს", - თქვა იენინმა.