უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გამოცხადების შემდეგ, გერმანიას რუსი ჰაკერები დაესხნენ თავს
უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილების შემდეგ, გერმანიას რუსი ჰაკერები დაესხნენ თავს. ამის შესახებ 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ფედერალური მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ, ქრისტინ ჰოფმანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, DDoS შეტევები დაფიქსირდა ბევრ კომპიუტერსა და სერვერზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა აეროპორტების, ფინანსური სექტორის დაწესებულებების, ფედერალური და სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი ბადენ-ვიურტემბერგის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებს.
ჰოფმანმა აღნიშნა, რომ გერმანელი კიბერექსპერტების ძალისხმევის წყალობით, მოხერხდა ჰაკერული თავდასხმების შედეგების მინიმუმამდე შემცირება.
"ძირითადად, ამ თავდასხმების მოიგერიება მოხერხდა. ასე რომ, ფართომასშტაბიანი და სერიოზული ზიანი არ ყოფილა", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მან ასევე დაამატა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა ოფისმა გააფრთხილა მოწყვლადი ინსტიტუტები და მისცა რჩევები, თუ როგორ შეეწინააღმდეგონ ასეთ თავდასხმებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერმა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო. მათ დაადასტურეს, რომ ეს ქმედება არის პასუხი უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკების გადაცემაზე.