უნგრეთის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად „ფიდესის“ წევრი აირჩია
უნგრეთის პარლამენტმა (მომხრე - 134, წინააღმდეგი - 5) ქვეყნის ახალ პრეზიდენტად „ფიდესის“ წევრი და 2016-2024 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, ტამაშ შუიოკი აირჩია. ის თანამდებობას 5 მარტს დაიკავებს.
რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ახალი პრეზიდენტი ვიქტორ ორბანის "პარტიული ჯარისკაცია".
ტამაშ შუიოკმა არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ კანონის უზენაესობას დაიცავს და უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისგან თავს შეიკავებს.
10 თებერვალს კატალინ ნოვაკმა, მოზარდებზე სექსუალურ ძალდობაში მსჯავრდებული ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მოადგილის შეწყალების გამო, პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მან პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის მაისში დაიკავა. 2020-2021 წლებში ნოვაკი საოჯახო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ 2004-2016 წლებში მინიმუმ 10 მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვის გამო, დირექტორის მოადგილეს 2018 წელს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კატალინ ნოვაკმა სექსუალურ ძალადობაში თანამონაწილეობისთვის მსჯავრდებული 2023 წლის აპრილში შეიწყალა. კრიტიკის ქარცეცხლში ნოვაკის გარდა, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგაც მოექცა, რომელიც შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა. აღსანიშნავია, რომ იუდით ვარგამ საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, პრეზიდენტის გადადგომა უნგრეთისთვის „კოშმარი“ იყო და 2024 წელი „ამაზე უარესად ვერ დაიწყებოდა“.
„კატალინ ნოვაკის გადადგომა სწორი იყო, თუმცა უნგრეთისთვის დიდ დანაკლის წარმოადგენს. რაც მოხდა არის ის, რაც ამ ვითარებაში უნდა მომხდარიყო. კარგი ადამიანები ცუდ გასაწყვეტილებებს იღებენ“, - ვიქტორ ორბანი.