უნგრეთი უკრაინას არჩევნებზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. მისი ვიდეომიმართვა 30 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

სიიარტოს თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, სავარაუდოდ, დაურეკა უკრაინის ელჩს ბუდაპეშტში, ლიუბოვ ნეპოპს, რათა "კონსულტაციები გაეწია უნგრეთის არჩევნებზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ". ამასთან, სიიარტო არ აკონკრეტებს, საიდან მიიღო ასეთი ინფორმაცია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებებს კულება Европейская правда-სთვის მიცემულ კომენტარში გამოეხმაურა.

"უკრაინა უნგრეთისგან განსხვავებით არასოდეს ჩაერევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეს. სირცხვილია იმის დანახვა, თუ როგორ არის მზად, მოკლევადიანი წინასაარჩევნო დივიდენდებისთვის მინისტრი სიიარტო სისულელეები გამოიგონოს და გაანადგუროს ის ურთიერთობა, რომელიც ამდენი ხანია ვაშენებთ", - აღნიშნა კულებამ, - "თუ ლავროვისგან მიღებული ორდენი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთან ურთიერთობა, მაშინ ამის პირდაპირ თქმა შეუძლია".

28 მარტს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა ოპონენტმა პიტერ მარკი-ზაიმ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, რასაც სიიარტომ აღშფოთებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა "უნგრეთს ომში ითრევს".

"ჩვენ არ ვერევით და არ ჩავერევით უნგრეთის საშინაო საქმეებში", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

სიიარტომ 2021 წლის 30 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლავროვმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.  

მსგავსი სიახლეები