"ვაგნერი" მებრძოლების რეკრუტირებას აგრძელებს
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რეგიონალური ცენტრები აგრძელებენ მებრძოლების რეკრუტირებას. ამ ინფორმაციას 2 აგვისტოს გამოცემა Важные истории ავრცელებს.
30 ივლისს ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ დაჯგუფებაში დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირების ცენტრების მუშაობა რუსეთში განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
"ამ დროისთვის, რეკრუტირების ცენტრების გახსნის დრო ჯერ დადგენილი არ არის. საიდუმლოებისა და კულუარული საუბრების თავიდან აცილების მიზნით, გაცნობებთ: ვაგნერი აგრძელებს საქმიანობას აფრიკაში, ასევე ბელორუსის მოსამზადებელ ცენტრებში," - თქვა პრიგოჟინმა.
თუმცა, პროფილურ ჩათებში, სადაც რუსი დაქირავებული მებრძოლები ერთმანეთთან ურთიერთობენ, Важные истории-მ აღმოაჩინა ცნობები, რომ ვაგნერი რეკრუტირების განახლებას აგვისტოში გეგმავს.
დაჯგუფების ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, რომელიც აფრიკასა და უკრაინაში იბრძოდა, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუცხადა, რომ ვაგნერში რეკრუტირება ომსკის მართლმადიდებლურ სპორტული კლუბ Десантник-ში და ნოვოსიბირსკში ერთ-ერთ პუნქტში განახლდა.
გამოცემის კორესპონდენტი "მოხალისის" საფარქვეშ ცდილობდა ვაგნერის მებრძოლების ახალ ტალღაში მოხვედრას. კლუბ Десантник-ში ჟურნალისტს უთხრეს, რომ ვაგნერში გადაღებები აკრძალულია. ამავდროულად, ნოვოსიბირსკის ვეტერანთა ორგანიზაცია "ციმბირის ძალების ერთობა", რომელიც ვაგნერის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა ქალაქში, აცხადებს, რომ დაჯგუფებაში მებრძოლების მიღება პარასკევს დაიწყება.
კანდიდატი ოფისში სპორტული ფორმით უნდა მივიდეს და ფიზიკური სტანდარტების გამოცდა ჩააბაროს. გარდა ამისა, ვაგნერში გასაწევრიანებლად კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული, ქრონიკული დაავადებები და დავალიანება ფედერალური აღმასრულებელი სამსახურის მონაცემებით, მას უნდა ჰქონდეს სამხედრო სპეციალობა და პასპორტი.
Важные истории-ს ჟურნალისტმა გაარკვია, რეკრუტები ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნებიან.