ვაგნერი ტვიტერსა და ფეისბუქზე მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობს - Politico
რუსული გასამხედროებული დაქირავებული დაჯგუფება ვაგნერი ექიმების, დრონების ოპერატორებისა და ფსიქოლოგების რეკრუტირებისთვის ტვიტერსა და ფეისბუქს იყენებს.
შესაბმისი კვლევა Politico-მ გამოაქვეყნა.
დეზინფორმაციის კვლევის ბრიტანული ჯგუფის, Logically-ის თანახმად, ვაგნერის ვაკანსიის რეკლამებს ბოლო 10 თვის განმავლობაში, ორი სოციალური მედიის პლატფორმაზე თითქმის 120 000 ნახვა აქვს.
რეკლამები ქვეყნდება ათობით ენაზე, მათ შორის ფრანგულ, ვიეტნამურ და ესპანურ ენაზე. ის ასევე შეიცავს საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს, ტელეგრამის ანგარიშებს და ხელფასის შეთავაზებებს, რაც თვეში დაახლოებით 2800 ევროს უტოლდება, ასევე სხვადასხვა შეღავათებს, მათ შორის სამედიცინო მომსახურებას.
Logically-ის ხელმძღვანელის, კაილ უოლტერის თქმით, ამ პოსტებიდან ზოგიერთი არის "ნამდვილი პროპაგანდისტული ფილმი" ტელეფონის ნომრებთან ერთად.
ფრანგულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ პოსტში ნათქვამია, რომ დაქირავებულები იღებენ ანაზღაურებად შვებულებას, სამედიცინო დახმარებას, მაღალ ანაზღაურებას და მთელ მსოფლიოში მუშაობის შესაძლებლობას.
კომპანია Meta, რომელიც პოპულარულ სოციალურ ქსელ ფეისბუქს ფლობს, აცხადებს, რომ იცის ვაგნერის მიერ შექმნილი საშიშროება და მათ პლატფორმებზე "არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი." მათ აღნიშნეს, რომ კომპანია დაჯგუფების კონტენტს შლის.