ვენედიქტოვა: უკრაინაში ომის დანაშაულზე 3000-ზე მეტი საქმე აღიძრა
რუსული ჯარების შემოჭრის შემდეგ უკრაინელმა სამართალდამცავებმა ომის დანაშაულებზე 3000-ზე მეტი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
"მხოლოდ ომის დანაშაულებზე დღეს გვაქვს 3085 საქმე", - განაცხადა ვენედიქტოვამ.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი "უკრაინის იურისდიქციაზე და უკრაინის სასამართლოებზე ფოკუსირებაა".
"მე მინდა უკრაინის სახელით გამოვიტანო სასჯელი ომის დამნაშავეებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომთან დაკავშირებით ყველაფერი ყოველთვის ასე მარტივად არ არის, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო პლატფორმებზე გადავდივართ", - თქვა მან.
უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენჯერმე უწოდა პუტინს ომის დამნაშავე და თქვა, რომ ის "ყასაბი" და "დიქტატორია".