ვენსი: აშშ-ს ეკონომიკური სარგებელი უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა

ჯეიმს დევის ვენსის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და რუსეთის ხელახალი თავდასხმის პრევენციის საუკეთესო გარანტია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური სარგებლის მიცემაა. 

ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, Fox News-თან საუბარში განაცხადა. 

"თუ თქვენ გსურთ მიიღოთ უსაფრთხოების რეალური გარანტიები, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ იმის გარანტირება, რომ ვლადიმირ პუტინი აღარ შეიჭრას უკრაინაში, უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნახონ ეკონომიკური სარგებელი უკრაინის მომავლით"- განაცხადა ვენსმა. 

ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამგვარი შეთანხმება უფრო ეფექტური გარანტია იქნება, ვიდრე 20 ათასი ჯარისკაცის განლაგება რომელიმე ქვეყნიდან, რომელსაც 40 წელია არ უომია. 

კონტექსტი 

ვენსის ინტერვიუს გამოქვეყნება დაემთხვა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას. 

ამერიკული მედიების ცნობით, გასული ღამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იმ დახმარების, რომელიც უკვე გზაშია. 

NBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძირითადად ჯავშანტექნიკის მიწოდებას შეეხება. 

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო ეშელონების შეჩერება დაადასტურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. 

აშშ-ს ჯერჯერობით არ შეუჩერებია უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. 

ამის შესახებ კიევში The Economist-ის კორესპონდენტი, ოლივერ კეროლი იუწყება. 

"ჩემი წყაროები უკრაინულ დაზვერვაში მეუბნებიან, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება ჯერჯერობით ძირითადად მედიური მიზნებს ემსახურება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის არანაირი ცვლილება სადაზვერვო მონაცემების გადაცემასა და სხვა საკვანძო სამხედრო დახმარების მიღების კუთხით. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ არის მიღებული"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი). 

მსგავსი სიახლეები