ვლადიმერ კლიჩკო: მინდა უკრაინელებმა თავისუფლებასა და დემოკრატიაში იცხოვრონ
უკრაინელმა მოკრივე ვლადიმერ კლიჩკომ ევროპელ პოლიტიკოსებს, ოფიციალურ პირებს და ევროკავშირის ყველა მოქალაქეს მიმართა უკრაინის მხარდაჭერისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
"უკრაინა არის არა მხოლოდ ევროპის ფარი, არამედ განვითარების დიდი შესაძლებლობა," - თქვა კლიჩკომ თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
"მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს: თქვენი ქმედებებით დაამტკიცოთ მზადყოფნა დაიცვათ საკუთარი ღირებულებები, რომლებსაც უკრაინა უკვე იცავს. დღეს მხოლოდ 2 ათასი კილომეტრი ჰყოფს ორ სამყაროს: ევროპულს, სადაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ღირებულებებია და შუა საუკუნეების რუსეთი, სადაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი მტერია. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ევროპული პერსპექტივის გამო უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ". მე მინდა, რომ უკრაინელებმა იცხოვრონ თავისუფლებასა და დემოკრატიაში. რვა წლის წინ მაიდანზე ჟღერდა: "უკრაინა ევროპაა". მას შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ ჩვენ უფლებას ვიყოთ ევროპის ნაწილი", - განაცხადა კლიჩკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპისთვის არა მხოლოდ ფარია, არამედ ახალი შესაძლებლობებიც.
"უკრაინა მზადაა იმუშაოს იმისთვის, რომ გახდეს კავშირის სრულუფლებიანი წევრი. დიახ, ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, ეკონომიკური და სოციალური. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს ძლიერ ელემენტებს. ჩვენი ქვეყანა მდიდარია თავისი მიწით და, უპირველეს ყოვლისა, მდიდარია თავისი ხალხით. უკრაინელები შრომისმოყვარეები, მონდომებულები და დიგიტალიზაციის წინა პლანზე არიან. უკრაინა არ არის მხოლოდ ევროპის ფარი, ის ასევე არის დიდი შესაძლებლობა ევროპისთვის, მისი კეთილდღეობისა და მომავლისთვის", - განაცხადა ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ.