ვოლფგანგ შოიბლე რუსეთთან დაკავშირებით შეცდომებს აღიარებს და მერკელს აკრიტიკებს
გერმანიის ყოფილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან-დემოკრატების ყოფილი ლიდერი, ვოლფგანგ შოიბლე გაზეთ ჰანდელსბლატისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის რუსეთის პოლიტიკაზე საუბრობს.
გამოცდილი პოლიტიკოსის თქმით, გერმანიაში რუსეთის ნამდვილი სახის დანახვა არ უნდოდათ, "და ეს ყველას ეხება", - ამბობს ინტერვიუში ვოლფგანგ შოიბლე.
ის იხსენებს, როგორ საუბრობდნენ რუს კოლეგებთან ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად ბრძოლაზე მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.
"შემეძლო შემეხედა, რას სჩადიოდა რუსეთი ჩეჩნეთში. ან მომესმინა პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისთვის".
შოიბლეს თქმით, კაჩინსკი ამბობდა, რომ "ჯერ საქართველო იქნება, შემდეგ უკრაინა, შემდეგ მოლდოვა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთი. მართალი იყო".
ინტერვიუში ვოლფგანგ შოიბლემ მისი თანაპარტიელი კანცლერი, ანგელა მერკელიც გააკრიტიკა. მისი თქმით, აღნიშვნის ღირსია, რომ მერკელს "დღესაც არ შეუძლია იმის თქმა, რომ რუსეთთან მიმართებით შეცდომები დავუშვით".
ვოლფგანგ შოიბლე უკვე 50 წელია ბუნდესტაგის წევრია. ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა როგორც ჰელმუტ კოლის (1989-91), ისე ანგელა მერკელის (2005-09) მთავრობაში. 2009-დან 2017 წლამდე შოიბლე გერმანიის ფინანსთა მინისტრი იყო, რა დროსაც მას ევროზონის პოლიტიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა. 1998-2000 წლებში ის თავად იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.