ვოლოდინი ჯონსონზე: კლოუნი მიდის, ის ჩვენი ქალაქების დაბომბვების უკან იდგა
ბორის ჯონსონი ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია - ასე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.
"ბორის ჯონსონი ჩვენი მშვიდობიანი ქალაქების - ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვების უკან იდგა და ბრიტანეთის მოქალაქეებმა ეს უნდა იცოდნენ. ის რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია",- წერს ვოლოდინი.
დუმის სპიკერი მოუწოდებს სხვა ევროპელ ლიდერებსაც დაფიქრდნენ, თუ რითი მთავრდება ანტი-რუსული პოლიტიკა.
ბორის ჯონსონმა ხუთშაბათს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გადადგომას გეგმავს, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც კონსერვატორული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.
გუშინ ბრიტანეთის მთავრობა პროტესტის ნიშნად ათეულობით მინისტრმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ხაზინის კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკი და ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი. დღეს დილით კი გუშინ დანიშნულმა კანცლერმა, ნადიმ ზაჰავიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ჯონსონს მოუწოდა, რომ გადამდგარიყო.
ჯონსონის მთავრობაში მორიგი კრიზისის მიზეზი ამჯერად კოლეგა პარლამენტერების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული დეპუტატის, კრის პინჩერის საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშვნა გახდა. პინჩერის მიერ კოლეგების შევიწროების ფაქტებზე ცნობები ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა - ჯონსონის ოფისი ამბობდა, რომ პინჩერის დანიშვნის მომენტში მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ახალ ლიდერს პარტიის ყრილობაზე ოქტომბერში, ბირმინგემში აირჩევენ.
ბორის ჯონსონის ჩანაცვლების მთავარი პრეტენდენტები კი მისი მთავრობის ყოფილი წევრები რიში სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი არიან.