ვუჩიჩი: ჩვენთვის ყირიმიც და დონბასიც უკრაინაა და ეს არ შეიცვლება
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ არ და ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
ამ საკითხზე სერბეთის პრეზიდენტმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ვუჩიჩის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი შორს არის დასრულებისგან და "უარესი ჯერ კიდევ წინაა". ამასთანავე, ვუჩიჩმა ჟურნალისტს უთხრა, რომ უკვე რამდენიმე თვეა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია.
"ჩვენ თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ და ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენთვის ყირიმიც და დონბასიც უკრაინაა და ეს არ შეიცვლება",- თქვა ვუჩიჩმა.
სერბეთი პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, სერბული ავიაკომპანიები კვლავ აგრძელებენ ფრენებს რუსეთში.
ახლო ისტორიული და ეკონომიკური კავშირების მიუხედავად, ვუჩიჩი ამბობს, რომ 2 სახელმწიფოს პოზიციებს შორის მაინც მნიშვნელოვანი სხვაობაა - "ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ თითოეულ გადაწყვეტილებას".
გუშინ, 17 იანვარს ალექსანდრ ვუჩიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი ვაგნერის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ვაგნერი უკრაინაში საომრად სერბების გადაბირებას ცდილობს, რაც სერბეთის კანონებს ეწინააღმდეგება.
ვუჩიჩმა სერბებს მოუწოდა არ გაწევრიანდნენ პრიგოჟინის არმიაში, ხოლო ვაგნერისგან სერბეთში საქმიანობის შეჩერება მოითხოვა.