ვუჩიჩი კოსოვოს საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოს საკითხე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა კოსოვოს გადაწყვეტილების გამოა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეთნიკური სერბებით დასახლებულმა ჩრდილოეთმა სერბული დინარის გამოყენებაზე უარი თქვას და ევროს გამოყენება დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროპის კავშირის წევრი არ არის, ქვეყნის უდიდეს ნაწილში ევრო გამოიყენება.
ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე მიტროვიცას ოლქის 4 მუნიციპალიტეტში (ჩრდილოეთ მიტროვიცა, ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ-პოტოკი) მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები წარმოადგენენ.
კოსოვოს ცენტრალური ბანკის მმართველის, აჰმედ ისმაილის განცხადებით, ამჟამად კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე მუნიციპალიტეტებში 4 ბანკი და 15 ფინანსური ინსტიტუტი იყენებს სერბულ დინარს. ახალი წესების თანახმად, აღნიშნულმა ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგადაც ისინი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ევროში შეძლებენ.
დასავლეთის ლიდერებმა კოსოვოს გადაწყვეტილების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ტერიტორიაზე დინარის აკრძალვა, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს.
კონტექსტი
სერბეთსა და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს პროვინციას შორის ეთნიკური დაძაბულობა 1989 წელს განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო. სლობოდან მილოშევიჩის გადაწყვეტილებას კოსოვოელმა ალბანელებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს. 1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სერბულ ძალებსა და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას შორის დაწყებული დაპირისპირება 1996-1998 წლების განმავლობაში თანდათანობით მასშტაბურ და დაუნდობელ სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, რომელიც 1999 წელს NATO-ს სამხედრო ინტერვენციის შედეგად დასრულდა.
2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.
2011 წელს სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რის შედეგადაც, ბელგრადსა და პრიშტინას შორის არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.