WaPo: CIA-ის დირექტორი კიევში ზელენსკის შეხვდა და რუსეთის გეგმებზე ესაუბრა
გასულ კვირას უილიამ ბერნსი კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ინფორმაცის ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები იყო - უკრაინელებს აინტერესებთ კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში ექნებათ გარანტირებული აშშ-ს მხარდაჭერა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.
წყაროების ცნობით, ბერნსმა გაიზიარა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების მნიშვნელობა და აღიარა, რომ დროთა განმავლობაში დახმარება შეიძლება გართულდეს.
ამავე წყაროების თქმით, შეხვედრის შემდეგ უკრაინელებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ უკვე დამტკიცებული 45 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის მიმდინარე დონე აგვისტომდე აქვს გარანტირებული.
კიევში ნაკლებად დარწმუნებულები არიან, რომ კონგრესი შეუფერხებლად მიიღებს დახმარების მომდევნო მულტიმილიარდიან პაკეტს როგორც ეს 1 წლის წინ მოხდა.
კონტექსტი
უილიამ ბერნსი კიევში ავტორირეტული ფიგურაა, რაც უმთავრესად რუსეთის შეჭრამდე ბერსნის მიერ უკრიანელებისთვის მიწოდებულ ინფორმაციის სიზუსტით არის გამოწვეული.
Washington Post წერდა, რომ ბერნსი 2021 წლის იანვარში კიევში იმყოფებოდა, რა დროსაც ზელენსკის რუსეთის შეჭრის და საოპერაციო გეგმების შესახებ აცნობა. მათ შორის, იმის შესახებ, რომ რუსები კიევის მახლობლად ჰოსტომელის აეროდრომის დაკავებას შეეცდებოდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს ბერნსის უკვე მესამე ვიზიტია კიევში. მიმდინარე კვირაში უკრაინასა და აშშ-ს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის პოლონეთში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის ჯარების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი და აშშ-ს მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი.
14 იანვარს კიევს ენტონი ბლინკენის მოადგილე, უენდი შერმანი, ჯეიკ სალივანის მოადგილე, ჯონ ფაინერი და ლოიდ ოსტინის მოადგილე კოლინ კალი ეწვია.