WaPo: რუსეთის შესაძლო მოთხოვნები უკრაინის მთავრობის სრულ დემონტაჟს მოიცავს

დასავლელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების გაღვივებით რუსეთმა მაქსიმალურად უნდა დაასუსტოს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციები მოლპარაკებების მაგიდასთან და არ უნდა თქვას უარი უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დემონტაჟის მიზანზე. 

ამის შესახებ ევროპული სადაზვერვო უწყებების მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტშია საუბარი, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) დაახლოებულმა ცენტრმა მოამზადა და რომელშიც წარმოდგენილია შეთავაზებები, თუ როგორი უნდა იყოს კრემლის პოზიციები ვაშიგნტონთან მოლაპარაკებებში. 

დოკუმენტი Washington Post-მა მოიპოვა.

დოკუმენტი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეხუთე განყოფილებასთან დაახლოებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა - სწორედ ეს განყოფილება კურირებს სადაზვერვო და დივერსიულ აქტივობებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაშიც. 

მიმდინარე წლის თებერვალში შექმნილი დოკუმენტის ავტორების აზრით, დონალდ ტრამპის ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომის 100 დღეში დასრულების შესახებ არარელისტურია - "უკრაინული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 2026 წლამდე."

დოკუმენტი პრაქტიკულად იმეორებს რუსი მაღალჩინოსნების მიერ გასული 3 წლის განმავლობაში გაჟღერებულ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, მათ შორის კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო კონტინგენტების განლაგების ინიციატივას. 

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივი აღიარება. მათი აზრით, ასევე აუცილებელია ე.წ. ბუფერული ზონების შექმნა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების გასწვრივ და დემილიტარიზებული ზონის შექმნა უკრაინის სამხრეთში, მათ შორის ოდესის ოლქში. 

Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი ერ-რიადში, ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის ჩანიშნულ შეხვედრისთვის, 1 კვირით ადრე მომზადდა. 

მაღალი რანგის რუს დიპლომატებთან დაახლოებული წყარო გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტში გადმოცემული შეთავაზებები დიდწილად ზუსტად ასახავს კრემლის ელიტაში არსებულ კონსენსუსს. 

დოკუმენტის ავტორები აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების გაღვივებისთვის ერთ-ერთ საშუალებად რუსეთის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციისთვის ბიზნეს გარიგებების შეთავაზებას ითვალისწინებს.

ავტორები კრემლს მოუწოდებენ შესთავაზონ ტრამპის ადმინისტრაცია წვდომა იშვიათ მინერალებზე, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე. 

საყურადღებოა, რომ 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა გეოლოგებთან დაუანონსებელი თათბირი გამართა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ ამერიკისთვის საინტერესო იშვიათი მინერალები რუსეთს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას და რომ კრემლი მზად არის პარტნიორობისთვის. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის უპირველესი საზრუნავი ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობას სრულად აღდგენა უნდა იყოს - ერ-რიადში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგი სწორედ არ გახდა. 

ავტორების აზრით, დათმობის სახით რუსეთს შეუძლია უარი თქვას ორეშნიკის რაკეტების განთავსებაზე ბელარუსში, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის ევროპულ კონტინენტზე ახალი სარაკეტო სისტემების განთავსებაზე. 

ასევე აღნიშნულია, რომ თუ კი ვაშინგტონი დათანხმდება უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას კრემლმა უნდა განიხილოს შეიარაღების მიწოდება ისეთი რეჟიმებისა და დაჯგუფეფებისთვის, რომელსაც აშშ მტრულად მიიჩნევს. 

დოკუმენტში, ასევე გაკრიტიკებულია დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის სამშვიდობო წინადადება, რომელიც ფრონტის ხაზების გაყინვას და უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოიცავს. 

დოკუმენტის ავტორების აზრით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გარეშე "არსებობს მაღალი ალბათობა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საშუალო ვადაში განახლდება, მაგალითად ამერიკაში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ."

FSB-სთან დაახლოებული ანალიტიკოსებისთვის "არასაკმარისია" ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პრო-რუსულად განწყობილი პარტიების მონაწილეობით - "სინამდვილეში მოქმედი კიევური რეჟიმის ცვლილებას ქვეყნის შიგნიდან შეუძლებელია, ის სრულ დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს."

რაც შეეხება ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების ინიციატივას დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს "სრულიად არააცილებელია, რადგანაც ეს ძალები დასავლეთის მყარი გავლენის ქვეშ იქნებიან."

დოკუმენტის ავტორებისთვის "სრულიად მიუღებელია" ამერიკის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის გაგრძელება და უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებული ზომით (1 მილიონამდე მოსამსახურე) შენარჩუნება. 

გარდა ამისა, "არასაკმარისია" დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილობრივ გაუქმება - "რადგანაც სანქციების საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის აშკარად გაზვიადებული აღმოჩნდა."

კონტექსტი 

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფრონტის მთელ პერიმეტრზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ. 

ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ აღდგება უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის შემდეგ შეაჩერა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება. 

ამერიკული მედიის ცნობით, 13 მარტს მოსკოვს ვიზიტი ეწვევა ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც ვლადიმირ პუტინს შეხვდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ასევე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. 

 

მსგავსი სიახლეები