WSJ: ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთს ჩუმად ტოვებენ
ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიები დასავლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოცხადების გარეშე ტოვებენ რუსეთის ბაზარს. საუბარია ისეთ კომპანიებზე როგორიცაა: Lenovo, Xiaomi და სხვა. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი მწარმოებლები ჩინური კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ მათ მიერ მიწოდებული მიკროსქემები არ იყოს ჩამონტაჟებული რუსეთისთვის მიწოდებულ პროდუქციაში.
ჩინური კომპანიები რუსეთის ბაზარს ჩუმად და ოფიციალური განცხადებების გარეშე ტოვებენ, თუმცა არის გამონაკლისებიც. მაგალითად დრონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ DJI ოფიციალურად გამოაცხადა საქმიანობის შეჩერების შესახებ რუსეთსა და უკრაინაში.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში დასაქმებული წყაროს ინფორმაციით, მარტში ჩინეთიდან რუსეთში ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
კერძოდ: 40% შემცირდა ნოუთბუქების ექსპორტი, თითქმის 66%-ით სმარტფონების, ხოლო სატელეკომუნიკაციო სადგურების ექსპორტი 98%-ით; 27%-ით არის შემცირებული ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი ჩინეთიდან რუსეთში, თუმცა უნდა ითქვას, რომ შანხაიში მასშტაბური ლოქდაუნის გამო ჩინეთის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც არსებითად შემცირდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესეს - ამ დრომდე მხოლოდ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 5 პაკეტი მიიღო. მათ შორის აკრძალულია რუსეთში უახლესი ტექნოლოგიების, ნახევარგამტარების, ჩიპებისა და მიკროსქემების ექსპორტი.