WSJ: უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხად SWIFT-დან გათიშვა ჯერ არ განიხილება

 

ამ დროისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე შესაძლო პასუხად ამერიკული ადმინისტრაცია საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან [SWIFT] გათიშვას არ განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. 

გამოცემის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ საპასუხო ზომების განხილვის პროცესშია და ეტაპობრივად ავიწროებს შესაძლო სანქციების არეალს. 

მაღალი ალბათობით, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ რუსეთის უმსხვილეს სისტემურ ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც რუსეთში სხვადასხვა პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტისთვისაა აუცილებელი. 

ერთ-ერთ საპასუხო ზომად განიხილება რუსეთის მიერ გამოშვებული ახალ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ოპერაციების აკრძალვა, ამავდროულად განიხილება საექსპორტო კონტროლის დაწესება ისეთ საკვანძო დარგში როგორიცაა მიკროელექტრონიკა. 

Wall Street Journal-თან საუბარში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ განიხილება ისეთი ზომები როგორებიცაა რუსეთის გათიშვა SWIFT-დან, ასევე არ განიხილება სანქციები საბაზისო ფინანსური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის გარეშეც საბანკო გადარიცხვები პრაქტიკულად შეუძლებელია. 

გარდა ამისა არ განიხილება სანქციების დაწესება ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტზეც. ამავდროულად, ჩინოვნიკის თქმით, აშშ-მა რუსეთთან მიმართებით სანქციების ახალი სტრატეგია აირჩია და უარი თქვა 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული ეტაპობრივ მიდგომაზე. 

ამჯერად აშშ-ის სანქციები იმთავითვე გაცილებით ფართო არეალს შეეხება. "ჩვენ დავიწყებთ მაქსიმალური წნეხით და დავრჩებით ამ დონეზე, რათა მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ კრემლს",- ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში "გამანადგურებელი და კატასტროფული" ზომებით ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთს ბოლო კვირებში რამდენიმეჯერ დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები