ყაზახეთის შსს: დაღუპულია 8 პოლიციელი, დაშავდა 317
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 36 საათის განმავლობაში, დემონსტრანტებთან შეტაკებებში, დაიღუპა 8 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია 317 პოლიციელი.
უწყებაში ამბობენ, რომ "ვანდალიზმისა და მარდიორობის აქტები", პროვოკატორების მიერაა ორგანიზებული. შსს მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკატორების მოწოდებებს.
_______________________
დემონსტრანტებმა ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის ძველი რეზიდენციის შენობა და ქალაქის აეროპორტი დაიკავეს. მალევე რეზიდენციის შენობაში, ხანძარი გაჩნდა.
პრეზიდენტის რეზიდენცია ალმათის საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან ახლოს მდებარეობს, რომელიც მომიტინგეებმა რამდენიმე საათით ადრე დაიკავეს.
მას შემდეგ, რაც ყაზახეთის დედაქალაქი ალმათიდან მაშინდელ ასტანაში გადაიტანეს, ის აღარ წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტის ძირითად რეზიდენციას, თუმცა ინარჩუნებს სტატუსს. რეზიდენციის შენობა ყაზახეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
დაახლოებით რამდენიმე საათის შუალედში დემონსტრანტები შეიჭრნენ ალმათის აეროპორტშიც. ამ დროისთვის ისინი სრულად აკონტროლებენ ქალაქის აეროპორტს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში თავდაპირველად 45-მდე დემონსტრანტი შეიჭრა, მათ მოსვლის შემდეგ კი დაწესებულების თანამშრომლებმა აეროპორტის შენობა დატოვეს. არსებული ინფორმაციით, აეროპორტში არ იმყოფებოდნენ მგზავრები, მათი ევაკუაცია წინასწარ მოხდა.
ალმათის აეროპორტი, ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. ცოტა ხნის წინ, დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა, ალმათისკენ მიმავალმა რეისებმა კი მარშრუტი შეიცვალეს.
ყაზახეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტის სამეთვალყურეო საერთაშორისო ორგანიზაცია NetBlocks ავრცელებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინტერნეტთან პრობლემები ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, ხოლო დღის მეორე ნახევარში ეს ხარვეზები სრულმასშტაბიან გათიშვაში გადაიზარდა.
მოსალონდელია, რომ ინტერნეტის გათიშვა ძალიან გაართულებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების პროცესს.
ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მთავრობის გადადგომა უკვე მიიღო პრეზიდენტმა კასემ ჟომარტ ტოკაევმა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ტოკაევმა, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ალიხან სმაილოვი დანიშნა. სამთავრობო კაბინეტის სხვა წევრები გააგრძელებენ საქმიანობის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.
იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მთავრობის გადაყენებას გეგმავდა ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში 4 იანვრის ღამით გავრცელდა. თავის გამოსვლაში ტოკაევმა შექმნილ ვითარებაში მთავრობა და განსაკუთრებით ენერგეტიკის მინისტრი დაადანაშაულა. ტოკაევის თქმით, მთავრობა ვერ გაუმკლავდა ერთ-ერთ უმნიშნაველოვანეს მიზანს, რაც ინფლაციის შეკავებაში მდგომარეობდა.
ტოკაევმა ცვლილებები განახორციელა, ყაზახეთის უსაფრთხოების საბჭოშიც, სადაც მდივნის თანამდებობაზე თავისი თანაშემწე ერლან კარინი დანიშნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში სიმშვიდეა და საპროტესტო აქცია აღარ მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
რა გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი?
პირველი იანვრიდან ყაზახეთში გაიზარდა გათხევადებული ნავთობის გაზის ფასი - მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ლიტრი საწვავი გაზის ფასი 60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. მალევე დასავლეთ ყაზახეთის დიდ ქალაქებში აქთაუსა და ჟანაოზენეში დაიწყო საპროტესტო აქციები.
მოგვიანებით საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის ალმათიში, კარაგანდაში, ურალსკში, ატირაუში, ტალდიკორგანში, კიზილროდში, შიმკენტსა და დედაქალაქ ნურ-სულთანში.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტოკაევმა ფასების შემაკავებელი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ჟანაოზენეში საავტომობილო გაზის ფასი 50 ტენგემდე დაიწევდა, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც არ შეწყვეტილა - ამ დროისთვის დემონსტრანტებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ და მთავრობიდს გადადგომას ითხოვდნენ.
განსაკუთრებით დაძაბული იყო ვითარება ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიცილებს შორის, მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ალმათისა და მანგისაუტსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
5-19 იანვრამდე ქვეყნის ამ ნაწილში იმოქმედებს მკაცრი შეზღუდვები შესვლასა და გამოსვლაზე, აკრძალულია მშვიდობიანი მანიფესტაციები და გაფიცვები, დროებით აკრძალულია ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების გაყიდვა.