ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტი 18-ჯერ გაზარდა
დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ყაზახეთმა რუსეთის მიღმა არსებული მარშუტებით ნედლი ნავთობის ექსპორტი გაზარდა.
ამ ინფორმაციას Caspian News ავრცელებს.
ქვეყნის მსხვილმა ნავთობგადამზიდავმა კომპანია KazTransOil-მა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გავლით ევროპის ბაზრებზე ექსპორტირებული ყაზახური ნავთობის ნაკადი აპრილ-ივნისში გაიზარდა.
ენერგეტიკული კომპანიის წყაროზე დაყრდნობით, Trend-მა ხუთშაბათს აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ყაზახური ნავთობის ნაკადმა 347,100 ტონას მიაღწია.
2023 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ ამ მარშრუტით მხოლოდ 19,200 ტონა ნავთობის ექსპორტირება მოახდინა, რაც დაახლოებით 18-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეორე კვარტალში.
KazTransOil-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში მისი მთავარი მილსადენების ქსელით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობაშიც შესამჩნევი ზრდაა. ექსპორტირებული ნავთობის მთლიანმა მოცულობამ 10,3 მილიონ ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 591,000 ტონით მეტია.
აზერბაიჯანის გავლით ევროპის ბაზრებზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანულ SOCAR-სა და ყაზახურ KazMunayGas-ს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიზარდა.
დოკუმენტი ყოველწლიურად თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხაზი გაუსვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთიდან ევროპამდე და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას მოიცავს.
ტრანსკასპიური მარშრუტი მნიშვნელოვანია ყაზახეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან რუსეთის ტერიტორიის გავლით ნავთობის ექსპორტი სულ უფრო რთული ხდება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო.
Caspian News-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორიდორთან შედარებით, შუა დერეფანი უფრო ეკონომიურ და სწრაფ სავაჭრო მარშრუტს უზრუნველყოფს, რაც ტრანსპორტირების მანძილს 2000 კილომეტრით ამცირებს. გარდა ამისა, შუა დერეფანის ტერიტორიაზე უფრო ხელსაყრელი კლიმატური პირობებია და მგზავრობის დრო საზღვაო მარშრუტებთან შედარებით, 15 დღით მცირეა. შუა დერეფანი ასევე უზარმაზარი შესაძლებლობაა აზიაში ტვირთების გადაზიდვისთვის, რადგან საქონელს საშუალებას აძლევს მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის პორტებამდე.