ყაზახეთმა გადაწყვიტა იარაღის ექსპორტი ერთი წლით შეაჩეროს
ყაზახეთი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს ერთი წლით შეაჩერებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმილოვის პრესსამსახური იტყობინება.
გადაწყვეტილება თავდაცვის მრეწველობის კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღეს.
"მონაწილეებმა განიხილეს მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წინადადება იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე. ამ წინადადებას კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, ყაზახეთი აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობის ფართო სპექტრს, "მათ შორის, ჯავშანტექნიკას, ტყვიამფრქვევებს, ყუმბარებს, ტორპედოებს, დამცავ აღჭურვილობას და ა.შ." სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შესახებ მონაცემები ღიად არ გამოქვეყნებულა.