ყირიმის ხელისუფლება: აეროდრომზე აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ 9 აგვისტოს Telegram-ზე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ყველას საჭირო დახმარებას მივაწვდით", - წერს ის.
აქსიონოვმა დასძინა, რომ "სიტუაცია ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება". მისივე თქმით, "რეგიონში საერთო ევაკუაცია არ არის", განსახლდებიან მხოლოდ სამხედრო აეროდრომის უშუალო სიახლოვეს მდებარე სახლების მაცხოვრებლები.
აფეთქებები ნოვოფედორივკას აეროდრომზე კიევის დროით დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტი განმარტა, როგორც "რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის აფეთქება".
ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა კონსტანტინ სკორუფსკიმ განაცხადა, რომ ხუთი დაშავებული საკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.