ზალუჟნი: ბოლო 24 საათში გამოშვებული 20 ირანული დრონიდან 18 ჩამოვაგდეთ
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი დამპყრობლები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 20 ირანული წარმოების კამიკაძე დრონით, Shahed-136-ით დაესხნენ თავს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ფეისბუქზე განაცხადა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136-დან 18 გაანადგურეს, რომლებიც გამოიყენება ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ", - წერს ის.
რუსეთის ჯარებმა ღამით უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინას მასიურად შეუტიეს. 26 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 24:00 საათამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, რუსებმა 20-ზე მეტი დრონით დაიწყეს შეტევა.