ზალუჟნი: გამარჯვება ჩვენთვის რთულია, მაგრამ ის აუცილებლად მოვა
"ის ფაქტი, რომ უკრაინა თითქმის ცხრა წელია აგრესორს წინააღმდეგობას უწევს და მის ტერიტორიებს ათავისუფლებს, ერის გამძლეობისა და ომის მოგების სურვილის დასტურია" - ამის შესახებ, 31 ოქტომბერს, ფეისბუქზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაწერა.
"ჩვენ ვაწარმოებთ ომს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის ზომა 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც ჩვენზე ოთხჯერ დიდია და რომლის სამხედრო პოტენციალიც არის ჩვენ შესაძლებლობებზე მრავალჯერ მეტი.
ჩვენ ვიბრძვით ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, კიბერსივრცეში. რვა თვე კი არა, რვა წელი და რვა თვეა ომს ვაწარმოებთ. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს მდგრადობას, სიმამაცეს საკუთარი თავის დასაცავად და გამარჯვების წყურვილს. გაუძლებდნენ თუ არა სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?" - წერს ის.
ზალუჟნიმ თქვა, რომ გუშინ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად 55 ფრთოსანი რაკეტა X-101 და ერთი მართვადი რაკეტა X-59, 22 საზენიტო რაკეტა S-300, ოთხი კამიკაძე დრონი Shahed-136 და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი Lancet-3 გამოიყენეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 55 ფრთოსანი რაკეტიდან 45 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
"არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენ თავს ვიცავთ, ვჯუფდებით, ვაგროვებთ რეზერვებს, ვაძლიერებთ თავდაცვას და თანდათანობით ვათავისუფლებთ მშობლიურ მიწას. გამარჯვება ჩვენთვის ძალიან რთულია. მაგრამ ის აუცილებლად მოვა". - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.