ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული
ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა.
სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია.
"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ელექტროენერგია უსაფრთხოების აუცილებელი ფუნქციების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ 5 სექტემბრიდან სადგური ელექტროენერგიას არ აწვდის ოჯახებს, ქარხნებსა და სხვა მომხმარებლებს.
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგების სფეროში ვითარება გაუმჯობესდა, სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. მან დაიწყო კონსულტაციები "ყველა შესაბამის მხარესთან" ბირთვული უსაფრთხოების ზონის სასწრაფოდ შექმნისთვის.