ზაპოროჟიეს ოლქში კოლაბორაციონისტი "პოლიციის უფროსი" ჩამომხრჩვალი იპოვეს

დროებით ოკუპირებულ მიხაილოვკაში, ზაპოროჟიეს ოლქში, რუს ოკუპანტებთან კოლაბორაციაში შესული ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი რიჟკოვი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ 27 აგვისტოს Укринформ-ისთვის მიცემულ კომენტარში ზაპოროჟიეს რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა.

"ჩვენ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ანდრეი რიჟკოვი, რომელიც საკუთარ თავს "პოლიციის უფროსს" უწოდებდა ოკუპირებულ მიხაილოვკაში, ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

სასაზღვრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ რიჟკოვმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მიხაილოვშჩინას მესაზღვრეები" დააარსა, ხოლო რუსული ჯარების მიერ მიხაილოვკას ოკუპაციის შემდეგ, ის თავად მივიდა დამპყრობლებთან და თავი "პოლიციის უფროსად" შესთავაზა. ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისიტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.

ეს ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი კოლაბორაციონისტების დაღუპვის პირველი შემთხვევა არ არის. 24 აგვისტოს დილით ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ მიხაილოვკას "ხელმძღვანელად" დანიშნული კოლაბორაციონისტი ივან სუშკო იჯდა.

26 აგვისტოს, ოკუპირებულ ბერდიანსკში კი ააფეთქეს კოლაბორაციონისტი ალექსანდრ კოლესნიკოვი, რომელიც საკუთარ თავს "საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილეს" უწოდებდა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები