ზელენსკი: კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით
ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს და არ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, სანამ მისი ჯარები უკრაინაში იმყოფებიან.
"ჩვენ არასოდეს დავსხდებით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იქნებიან." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ საუბარია ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს 2014 წლიდან, ყირიმის ჩათვლით.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე დაიწყება, კონფლიქტის გაყინავს და მომავალში ახალ დიდ ომს გამოიწვევს.
"სადამდეც არ უნდა მიგვიყვანოს კონტრშეტევამ, ჩვენ არ დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს... და მე ვიცი, ხალხის სუნთქვა. უკრაინელები მეორედ არ დათანხმდებიან გაყინულ კონფლიქტს. ეს არის ხაფანგი," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთში უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ომის დაწყება "მათი სისხლიანი შეცდომა იყო."
"მათ ესმით, რომ საბოლოოდ ამ ომს წააგებენ. ამიტომ გასვლა ნიშნავს ნაკლებ მსხვერპლს. სანამ ისინი არ წავლენ, მათთან მოლაპარაკების ფორმატი არ იქნება." - შეაჯამა ზელენსკიმ.