ზელენსკი: ჩვენ სხვის ტერიტორიას თავს არ ვესხმით, მაგრამ არც საკუთარს დავთმობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა. ვიდეო YouTube-ზე 14 თებერვალს გამოქვეყნდა.

"დიადი ქვეყნის დიადო ხალხი. ამ დაძაბულ მომენტში მოგმართავთ. ჩვენი ქვეყანა სერიოზული გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩემგან და ყოველი თქვენგანისგან პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. დიდი ომი გვემუქრება და კიდევ ერთხელ გავიგეთ შეჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისინი სისტემატურად აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ ომს ყველა ფრონტზე: სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებენ კონტიგენტს ჩვენს საზღვრებთან, დიპლომატიური მიმართულებით ცდილობენ წაგვართვან საგარეო პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, ენერგეტიკის მხრივ გვიზღუდავენ გაზის, ელექტროენერგიის და ქვანახშირის მიწოდებას და საინფორმაციო ფრონტზე ცდილობენ პანიკის დათესვას," - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფო დღეს "უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე."

"დღეს ჩვენ ნათლად გვესმის ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ გვესმის ყველა რისკი. ყოველდღე ვაკვირდებით სიტუაციას, განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, ვემზადებით ღირსეული პასუხის გასაცემად ყველა შესაძლო აგრესიულ ქმედებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად არის უცხოური ჯარი ჩვენს საზღვართან, მისი რაოდენობა, მდებარეობა, აღჭურვილობა და გეგმები." - აღნიშნა ზელენსკი.

"ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯარი. ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი, ეს არმია ბევრად ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ. დღეს ყველამ აღიარა, რომ ევროპისა და მთელი კონტინენტის უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინასა და მის არმიაზე. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის და გვინდა ყველა საკითხი გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. დონბასიც და ყირიმიც უკრაინას დაუბრუნდება. მხოლოდ დიპლომატიური გზით. ჩვენ სხვის ტერიტორიას თავს არ ვესხმით, მაგრამ არც საკუთარს დავთმობთ," - აღნიშნა უკრაინის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები