ზელენსკი ელის, რომ იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ იტალიის დახმარებით უკრაინა შეძლებს გააძლიეროს თავისი საჰაერო თავდაცვა.
ზელენსკიმ სამშაბათს მოლაპარაკება გამართა იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონისთან. საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მათ განიხილეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მშვიდობის ფორმულა.
უკრაინულმა მხარემ მელონისთან საუბარს "გულწრფელი" უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა უკრაინაში ვიზიტის სურვილი.
ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა მელონის უკრაინისთვის უკვე გაწეული და დაანონსებული დახმარებისთვის.
"ქალბატონმა მელონიმ თქვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი ახლა განიხილება და ჩვენ კოორდინირებული გვაქვს ჩვენი ნაბიჯები. მე მჯერა, რომ იტალიის მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის ცის დაცვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი დიპლომატიური გეგმები." - თქვა მან.