ზელენსკი ნეთანიაჰუს ესაუბრა: ვფიქრობ, აქცენტები ყველას ესმის

7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, რომლის პარტია "ლიკუდმა" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მე ახლახან ვესაუბრე ბენიამინ ნეთანიაჰუს, ბლოკის ლიდერს, რომელმაც ისრაელის არჩევნებში გაიმარჯვა. მას გამარჯვება მივულოცე და განვიხილეთ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ძირითადი ასპექტები.

ვფიქრობ, ყველას ესმის, რა არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და რა აქცენტებს აკეთებს ისრაელი, უსაფრთხოების სფეროში. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოები. უფრო მეტიც, ჩვენი საფრთხეები მსგავსია", - განაცხადა მან.

Twitter-ზე ზელენსკიმ დაამატა, რომ მან ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის წარმატებით ჩამოყალიბება უსურვა.

"მე გამოვთქვი იმედი, რომ უკრაინასა და ისრაელს შორის ურთიერთობების დონე უპასუხებს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოების წინაშე დგას", - აღნიშნა მან.

კონტექსტი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი 14 წლის განმავლობაში (1996-99; 2009-21 წლებში) იყო. პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2021 წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო. თუმცა მისი წასვლის შემდეგ შექმნილი 8 პარტიისგან შემდგარი, ეკლექტური კოალიცია 1 წელიწადში შიდა უთანხმოებების გამო დაიშალა და ისარელში ახალი არჩევნები დაინიშნა.

ნეთანიაჰუ მოქმედ მთავრობას ფასების ზრდის, ლიბანთან დადებული სასაზღვრო შეთანხმების, პალესტინის მიმართ გატარებული პოლიტიკის და სამთავრობო კოალიციაში არაბული პარტიის, "რაამის" შეყვანის გამო აკრიტიკებდა.

ყოფილმა პრემიერმა 21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, თუ ის კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს.

2022 წლის 1 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" პირველი ადგილი მოიპოვა, მისმა მხარდამჭერმა მემარჯვენე პარტიებმა კი ჯამში 64 მანდატი, რაც საკმარისია ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.

მსგავსი სიახლეები