ზელენსკი: ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 თებერვალს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუ რა საკითხები განიხილეს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის დღევანდელ სხდომაზე.
"დღეს მე გავმართე შტაბის რეგულარული სხდომა. ბევრი საკითხი. მთავარია მოქმედებები ფრონტის ხაზზე. დონეცკის რეგიონში და სხვა რაიონებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბახმუტს. ჩვენს თავდაცვას. ოკუპანტის მცდელობა, ალყაში მოაქციონ ქალაქი. და იქ თავდაცვა გაარღვიონ. ჩვენ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა "თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც მტერს წინააღმდეგობას უწევს თავისი გამძლეობით." მან გამოარჩია 54-ე და 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადების მებრძოლები, 128-ე სამთო-შემტევი ბრიგადის მე-15 ცალკეული ბატალიონი.
"ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო მასალით უზრუნველყოფა დღეს შტაბშიც განიხილებოდა, არტილერია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩვეულებისამებრ, ანგარიში ჩაგვაბარეს მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, მიმართულებების მეთაურებმა. დაზვერვის უფროსმა [კირილო ბუდანოვმა - რედ.] მოხსენება გააკეთა ოკუპანტის მიმდინარე გეგმებზე." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
6 თებერვალს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ ბახმუტთან შექმნილი ვითარება შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის ირგვლივ არსებულმა რელიეფმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წინასწარ გაწეულმა სამუშაოებმა, ქალაქი კარგად გამაგრებულ ციხე-სიმაგრედ გადააქცია.