ზელენსკი: პუტინის დაპატიმრების ორდერი ისტორიული გადაწყვეტილებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების შესასხებ, ისტორიული უწოდა. ამის შესახებ მან დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც იწყება ისტორიული პასუხისმგებლობა", - თქვა მან. "ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანაში ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე."

მისი თქმით, პუტინის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაული ვერ მოხდებოდა.

"ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ბავშვების ოჯახებისგან გამოყოფა, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, შორეულ რეგიონებში მათი გაფანტვა - ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება. რაც სწორედ ამ ქვეყნის პირველი პირით იწყება." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონტექსტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.

სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები