ზელენსკი რუსებს: ერთ დღეს იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნიპროში მდებარე მაღალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, 15 იანვრის საღამოს რუსებს მიმართა.
"მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და რუსეთიდან, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა, თუმცა მშვენივრად ხედავენ და იციან ყველაფერი. ეს მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ ერთ დღეს იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ, ბოროტებას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვისაც მისი ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა თქვენთან მოვლენ, არავინ დაგიცავთ." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას, მათ შორის ქალაქ დნიპროს, რაკეტებით რამდენჯერმე შეუტია. ზოგიერთი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის შესასვლელი ჩამოინგრა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაინგრა 72 და დაზიანდა 230-ზე მეტი ბინა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა 29 ადამიანი, დაიჭრა - 73 და 40-ზე მეტის ბედი უცნობია.