ზელენსკი რუსებს: რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 სექტემბრის გამოსვლაში რუსეთში მობილიზაციაზე ისაუბრა. პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსებს რუსულად მიმართა.

"რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას შემთხვევით არ უწოდეს თავად რუსეთის მოქალაქეებმა საფლავიზაცია (Могилизация). რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნიან - სხვა გზა არ არსებობს. რუს მეთაურებს არ აინტერესებთ რუსების სიცოცხლე - მათ უბრალოდ უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები დაღუპული, დაჭრილი, გაქცეული ან დატყვევებული რუსი ჯარისკაცების შემდეგ", - თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აინტერესებს ვინ იქნება მობილიზებული - "თუნდაც ახალგაზრდა IT სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ მსახურობდნენ, თუნდაც პენსიონერები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ჯარში მსახურობდნენ".

"ამიტომ, ახლა ყველა თქვენთაგანისთვის არის საკვანძო მომენტი, დრო, როდესაც გადაწყდება, დასრულდება თუ არა თქვენი სიცოცხლე, სჯობს არ მიიღოთ გამოძახება, ვიდრე მოკვდეთ უცხო ქვეყანაში, როგორც ომის დამნაშავე. ჯობია ამ კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ. უკრაინის ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღით სიკვდილი, ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი დარტყმის ქვეშ, რადგან უკრაინა თავს იცავს ამ ომში. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს - ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს თავისუფლებას. რისთვის იბრძვის რუსეთი? რუსეთის ყველა მოქალაქემ იცის და ბევრიც რომ არ აღიაროს, დანამდვილებით იცის, რომ ბოროტების მომტანი რუსეთია", - დასძინა მან.

პრეზიდენტის თქმით, ჩაბარებული რუსები მიიღებენ კონფიდენციალურობის გარანტიებს და დაეხმარებიან, თუ მათ არ სურთ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები