ზელენსკი რუსებს: თუ გსურთ იცოცხლოთ, გაიქეცით, დანებდით, იბრძოლეთ ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის

28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ტრადიციული საღამოს გამოსვლის ნაწილი რუსებს მიუძღვნა. გამოსვლის ვიდეო მის ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფრონტზე არსებულ ვითარებაში "ჩვენთვის ყველაფერი ნათელია" და რუსებს რუსულად მიმართა.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვისაც მხოლოდ რუსული ესმის. თუ გინდათ იცოცხლოთ, გაიქეცით, თუ გინდათ, დანებდით, თუ გინდა იცოცხლოთ, იბრძოლეთ ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. მაინც ყველაფერი წაგართვეს. ან ვინმეს ხომ არ გაქვთ ნავთობის პლატფორმა? სასახლეები? ვენახები? იქნებ იახტები? ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? მხოლოდ სესხები გაქვთ, საღამოს საჭმელი და ახლა - მობილიზაცია. იბრძოლეთ საკუთარი თავისთვის! ნუ შემოიჭრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულსა და კულტურაში", - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამოსვლებში არაერთხელ მიმართა რუსებს და დანებებისკენ მოუწოდა.

"უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც დანებდება, სამ გარანტიას აძლევს პირველი, თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე, ვერავინ გაიგებს რა გარემოებებში დანებდით, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო. და მესამე, თუ თქვენ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ გსურთ წასვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს თავისი გამარჯვებისთვის", - განაცხადა მან 24 სექტემბერს.

მსგავსი სიახლეები