ზელენსკი: რუსეთის "განკითხვის დღე" დადგება, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება უკრაინის "განკითხვის დღის" შესახებ, თუ ის ყირიმის აღებას დაიწყებს, "არ არის ძალიან ფხიზელი". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს კიდევ ერთი არც თუ ისე ფხიზელი განცხადება გაკეთდა რუსეთისგან უკრაინის სავარაუდო "განკითხვის დღის" შესახებ. რა თქმა უნდა, ასეთ დაშინებას ვერავინ აღიქვამს. მაგრამ ნახეთ, რამდენად ცინიკურია ამის თქმა დღეს, რუსეთის მიერ მალაიზიური ბოინგის უკრაინის დონბასის ცაში განადგურების წლისთავზე. 298 ადამიანი დაიღუპა აშკარა ტერორისტული აქტის შედეგად - 80 ბავშვი, 10 ქვეყნის მოქალაქე", - თქვა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკვე მაშინ რუსეთი მიჰყვებოდა ამ გზას, ტერორისტული სახელმწიფოს გზას. ამიტომ სპეციალურ ტრიბუნალი აუცილებლად შეიქმნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით".

"ეს იქნება რუსეთისთვის განკითხვის დღე. და არა გადატანითი მნიშვნელობით, არა როგორც ხმამაღალი გამონათქვამი, არამედ რეალურად. დღეს, 19:00 საათისთვის რუსეთმა უკვე გამოიყენა 3000-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. შეუძლებელია დათვალო რამდენი საარტილერიო და სხვა ჭურვები გამოიყენეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია ყველა რუსი ომის დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. თითოეული კოლაბორანტი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტერორზე. ყველაფრისთვის, რაც ხდება 144 დღეა და რვა წელზე მეტია. ეს გაკეთდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები