ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაში თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რისთვის?

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფრონტის მთლიან ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტი რჩება. ამის შესახებ 19 დეკემბერს საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"1300 კმ-ზე მეტზე აქტიური საომარი მოქმედებები. მაისიდან ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ამსხვრევს არა მხოლოდ რუსეთის ჯარს, არამედ რუს დაქირავებულებსაც, რომლებიც ჩამოვიდნენ განადგურებული არმიის შესავსებად", - თქვა პრეზიდენტმა.

"უბრალოდ დაფიქრდით: რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. რამდენიმე დღეში დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასი იქნება. რისთვის? მოსკოვში პასუხი არავის აქვს და არც ექნება." 

ზელენსკის თქმით, "კრემლში ვერავინ აღიარებს შეცდომებს და საშინლად ეშინია რეალობის", მაგრამ რეალობა "თავად ლაპარაკობს".

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, რომლებიც გმირულად იცავენ ბახმუტის მიმართულებას, სოლედარს, ავდიივკას, მარინკას, კრემენსკის მიმართულებას და მთელს დონბასის რეგიონს, რომელიც რუსეთის მოსვლამდე ერთ-ერთი უძლიერესი იყო უკრაინაში და რომელსაც რუსეთი ანადგურებს. მტერს ასეთი სისასტიკეც კი არაფერს აძლევს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები