ზელენსკი: უკრაინისთვის ტანკების გადაცემით, საფრანგეთს მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს
რუსეთის ნებისმიერ ახალ მცდელობას "დამატებითი მობილიზაცია მოახდინოს და უკრაინის წინააღმდეგ სხვა რაღაც გამოიყენოს", უკრაინული მხარე "ძალიან კონკრეტულად და ეფექტურად, ბრძოლის ველზე" უპასუხებს.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 იანვარს გააკეთა.
"თითოეულ პარტნიორს ექნება ძალიან კონკრეტული ინფორმაცია ჩვენი თავდაცვითი საჭიროებების შესახებ. და ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიზანი: რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსული აგრესია, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა." - თქვა მან.
ზელენსკის თქმით, საფრანგეთს უკრაინისთვის "ევროპის თავდაცვითი მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს".
"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს ლიდერობისთვის. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, მათ შორის ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რაც უკრაინისთვის ტანკების გადაცემას შეაჩერებს. უკრაინას ჯერჯერობით დასავლური წარმოების ტანკები არ მიუღია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აღდგეს უსაფრთხოება ყველა უკრაინელისთვის და მშვიდობა ყველა ევროპელისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ სწორედ "რამშტაინის" ახალი შეხვედრის წინ არის ასეთი სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანი.
4 იანვარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელოფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ უკრაინა ფრანგული წარმოების ტანკებს, AMX-10RC-ებს მიიღებს.