ზელენსკი: უკრაინა ომს მოიგებს, რადგან ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 სექტემბერს რუსეთის ხალხებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომს წააგებს. მიმართვის ტექსტი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ხალხისთვის ამ პლანეტაზე: სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, ბედნიერების უფლებისთვის ჩვენი ყველა ოჯახისთვის, ყველა ჩვენი შვილისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ "რუსეთი მარტო დარჩა, უკვე იზოლირებულია და ამ ომის გამო გასამართლდება".

"'ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, მას საკუთარი სიკვდილისთვის აღმართავს', - როგორც ჩანს, კრემლმა არ იცის იმამ შამილის ეს სიტყვები. მაგრამ მისი ეს სიტყვები კავკასიაში უნდა იცოდნენ. ეს უნდა მოისმინონ ციმბირში და ყველა სხვა ადგილას, საიდანაც ხალხი იგზავნება ამ ომში", - განმარტა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები