ზელენსკი: ვუახლოვდებით იმ დროს, როცა ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით ოკუპანტს ვაჯობებთ
დონბასში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვიან, ძალიან რთული სიტუაციაა. ამის შესახებ 28 მაისს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სიტუაცია ძალიან რთულია. განსაკუთრებით დონბასის და ხარკოვის რეგიონის იმ რაიონებში, სადაც რუსული არმია ცდილობს რაიმე შედეგს მაინც მიაღწიოს", - თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, საკვანძო ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ბახმუტის, პოპასნაიას დასახლებების მიდამოებში და სხვა ქალაქებში, სადაც კონცენტრირებულია რუსული შეტევა.
"მაგრამ ჩვენი თავდაცვა უძლებს. იქ წარმოუდგენლად რთული ვითარებაა და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უძლებს ოკუპანტების ამ შემოტევას. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ თავდაცვის გასაძლიერებლად. პირველ რიგში, ეს არის იარაღის მიწოდება. ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით იმ დროს, როცა ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით აჯობებს დამპყრობლებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მას მიაჩნია, რომ უკრაინა "ძალიან არის დამოკიდებული პარტნიორებზე, მათ მზადყოფნაზე, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად".
"კარგ სიახლეებს ველოდები მომავალ კვირას", - თქვა ზელენსკიმ.