ზელენსკი: ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის დასაცავად იარაღს მივცემთ

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვისაც ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობა სურს, იარაღს დაურიგებენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ხელჩართულ ბრძოლას აწარმოებენ. მათ მოიგერიეს იერიში დონბასში, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთის სხვა რეგიონებში. მტერს სერიოზული დანაკარგები აქვს," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

"არმია და ეროვნული სოლიდარობა დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. თუმცა ვთვლი, რომ ის ერთადერთი [დასაყრდენი] არ არის. ჩვენი მიწის დასაცავად ყველა მსურველს შეიარაღებას მივცემთ", - განაცხადა უკრაინის მთავარსარდალმა.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიაქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას ბელარუსის, ყირიმის, ლუჰანსკის მიმართულებებიდან უტევს.

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები