ზელენსკი: ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ

 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად მიმართა უკრაინელებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა შეტევა მიიტანა ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და მოსაზღვრე რაიონებზე. 

ზელენსკიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ქვეყნის არმია, ძალოვანი უწყებები და სახელმწიფო სექტორი გამართულად მუშაობს. 

ზელენსკის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ჯო ბაიდენთან და აშშ უკვე ამზადებს დახმარების ახალ, მასშტაბურ პაკეტს.

"პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენ ყველას მოვუგებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა - დიდება უკრაინას.

__________________________________________________

რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

ოდესაში და აზოვის ზღვის ნაპირზე რუსეთის ფლოტმა სადესანტო ოპერაციები დაიწყო. 

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

 

მსგავსი სიახლეები