ზელენსკი: იტალიასთან ერთად, ჩვენი ცის დასაცავად გადაწყვეტილებები მივიღეთ
იტალიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ჯორჯა მელონისთან შეხვედრის დროს, ორმა მხარემ უკრაინის საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
"დღეს, ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყნის თანამშრომლობაზე, კერძოდ, უსაფრთხოებისა, სამხედრო სფეროში. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცის დასაცავად," - თქვა ზელენსკიმ, დამატებითი დეტალების დაზუსტების გარეშე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაზე.
"გასულ წელსაც, უკრაინამ მსოფლიოს "მშვიდობის ფორმულა" შესთავაზა, რომელსაც შეუძლია ბოლო მოუღოს ამ აგრესიას. სამწუხაროდ, რუსეთმა, ჩვენს ინიციატივას რაკეტებითა და არტილერიით უპასუხა. ისინი მშვიდობით არ არიან დაინტერესებული," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი იტალიაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.
თავის მხრივ, ჯორჯა მელონი უკრაინელებს დახმარებას იქამდე დაჰპირდა, სანამ "ამის საჭიროება იქნება."
"ჩვენ ფსონს ვდებთ უკრაინის გამარჯვებაზე... დანებებეის გზით მშვიდობა არ მიიღწევა."- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯორჯა მელონიმ უკრაინის ევროპულ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და დააზუსტა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ნატოსთან პარტნიორობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს და იტალიის პრეზიდენტსაც შეხვდა. მან იტალიელი პოლიტიკოსები უკრაინაში დაპატიჟა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი და მისი დელეგაცია, რომიდან ბერლინისკენ გაემგზავრება.