ზელენსკიმ პუტინის ახალ ულტიმატუმებს "ნაციზმის ხელახალი დაბადება" უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის "შემოთავაზებას" მისი პირობებით ომის დასასრულებლად, ულტიმატუმი უწოდა.
ამის შესახებ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა შემიძლია ვთქვა: ეს მესიჯები არის ულტიმატუმები, ისინი არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც მან ადრე გააჟღერა.
ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც ის აკეთებს, არის ნაციზმის აღორძინება. ეს არის ამ ნაციზმის ახალი ტალღა, რუსული ნაციზმი. მას სურს, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მას ასევე სურს ჩვენი არაოკუპირებული ტერიტორიები. ის ჩვენი ქვეყნის რეგიონებზე საუბრობს და გაჩერებას არ აპირებს. გაყინული კონფლიქტი არ იქნება." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა
მისი თქმით, "ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა გააკეთა, როცა თქვა: მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ყველაფერი აქ დასრულდება."
მაგრამ უკრაინის ლიდერმა გაიხსენა, რომ მაშინ იყო პოლონეთისა და ევროპის ოკუპაცია.
"თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასოდეს ჩერდება... თქვენ არ უნდა ენდოთ ამ განცხადებებს, რადგან პუტინი იმავე ტრაექტორიას მიჰყვება. დღეს ის ოთხ რეგიონზე საუბრობს, ადრე ყირიმზე და დონბასზე... არ აინტერესებს რა ბედი ეწევა ხალხს, ეს არის ნაციზმის ახალი სახე." - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს პუტინმა თქვა, რომ თითქოს "მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის," მაგრამ ამისთვის უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან, რომელსაც კრემლი რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, პუტინის "სამშვიდობო წინადადებებს," რომელიც მან 14 ივნისს გააჟღერა, "აგრესორის სტანდარტული ნაკრები" უწოდა.