ზელენსკიმ პუტინთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციის განსახილველად ვლადიმირ პუტინთან საუბარი მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ზელენსკის პრესსპიკერზე, იულია მენდელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ოფისმა მოითხოვა პირდაპირი საუბარი ვლადიმირ პუტინთან. ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია პასუხი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე",- განაცხადა მენდელმა სააგენტოსთან საუბარში.
მენდელის თქმით, ზელენსკი უახლოეს მომავალში ვიზიტით პარიზში ჩავა და ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო კონცენტრაციის ზრდა იქნება.
ბოლო კვირების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება სისტემატურად იძაბება, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
8 აპრილს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა [CIT] უკრაინის საზღვართან ახლოს მოწყობილი სამხედრო პოლიგონი და სამხედრო ბანაკი აღმოაჩინა.
გუშინვე, 8 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ შავ ზღვაში დამატებით 2 სამხედრო გემს გაგზავნის.
8 აპრილს, სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა.
უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.