ზოგიერთი რესპუბლიკელი ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურით უკმაყოფილოა - The Hill
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ზოგიერთი რესპუბლიკელი პირად საუბრებში აკრიტიკებს დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ოჰაიოს სენატორ ჯ.დ. ვენსს. მათ მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს პარტიის გამარჯვების შანსებს მიმდინარე არჩევნებში.
ამის შესახებ The Hill წერს.
რესპუბლიკელებმა, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, გამოხატეს შეშფოთება ვენსის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებზე, გამოცდილების ნაკლებობაზე და მის უუნარობაზე, გააფართოოს ტრამპის ელექტორალური ბაზა.
"ის იყო ყველაზე ცუდი არჩევანი ყველა შესაძლო ვარიანტს შორის. იმდენად ცუდი იყო, რომ არც კი მეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ანტიუკრაინული, უფრო პოპულისტი. ის არაფერს მატებს ტრამპის კამპანიას. ის ენერგიით მუხტავს ხალხს. იმავე ხალხს, ვისაც უყვარს ტრამპი," - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
The Hill-ს კიდევ ერთმა წყარომ უთხრა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში გაბატონებული შეხედულებაა, რომ "თუ ტრამპი დამარცხდება, ეს იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევანის გამო".
რესპუბლიკელებში ვენსის შესახებ შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჯო ბაიდენმა მოხსნა თავისი კანდიდატურა და მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა.
ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტური ფრთის წარმომადგენლები, პირიქით, უარყოფენ ჯ.დ ვენსის კრიტიკას და ამტკიცებენ, რომ მას შეუძლია ნოემბრის არჩევნებში ტრამპს გამარჯვება მოუტანოს. ვენსს ასევე მხარს უჭერს ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომლებიც არ არიან ტრამპის პირდაპირი მხარდამჭერები.