"ზომიერი პასუხი"- ევროკავშირი ამერიკულ იმპორტის ნაწილზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

ერთკვირიანი თავშეკავების შემდეგ ევროკავშირმა პირველად უპასუხა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ სავაჭრო ტარიფებს და ამერიკული პროდუქციის ნაწილზე 20%-იანი ბაჟი დააწესა.
State Of Play: ეკონომისტების შეფასებით, ეს ევროპის მხრიდან ზომიერი პასუხია და აჩვენებს ბრიუსელის განწყობას, რომ შექმნილი ვითარებიდან მოლაპარაკებების საუკეთესო გამოსავლად მიაჩნიათ.
- ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური ჩამონათვალი პროდუქციისა, რომელსაც გაზრდილი ბაჟი შეეხება, თუმცა Washington Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით საუბარია: სოიოზე, ფოლადზე, ხორცზე, ტექსტილებზე, თამბაქოსა და ნაყინზე.
- საყურადღებოა, რომ ბრიუსელის მხრიდან ეს არის პასუხი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეში ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებზე
- ბრიუსელს ჯერჯერობით არ მოუფიქრებია, თუ როგორ უპასუხოს ტრამპის მიერ 2 აპრილს დაწესებულ ტარიფებს, მათ შორის ბლანკეტურ 20%-იან ბაჟს, რომელიც მთელ იმპორტს მოიცავს.
Big Picture: ღია წყაროების მიხედვით, ჯამურად საუბარია 28 მილიარდი ევროს ამერიკულ პროდუქციაზე, რომელზეც ახალი ტარიფები მომდევნო კვირიდან ამოქმედდება.
- ექსპერტების შეფასებით, გაზრდილი ევროპული ტარიფები არ შეეხება ამერიკული წარმოების ბურბონს - მიზეზი კი ვაშინგტონის საპასუხო ტარიფების შიშია, რომელიც მძიმედ დაარტყამს ფრანგულ და იტალიელ ალკოჰოლის მწარმოებლებს.
Context: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა აშშ-ს მიერ გაზრდილ სავაჭრო ტარიფებს 84%-იანი ბაჟის დაწესებით უპასუხა. ეს 2 აპრილს დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომში ჯერჯერობით ბოლო ესკალაციაა.
- ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომების მიღების შემდეგ, საფონდო ბირჟების ინდექსი, რომელიც ბოლო საათებში სტაბილიზაციას ავლენდა, ვარდნა გააგრძელა.
- კლებას აგრძელებს ნავთობის ფასი - საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ფასი 56 დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
- კლებას აგრძელებს აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსიც, რომელიც რეცესიული მოვლენებისას ყველაზე უსაფრთხო დაბანდებად მიიჩნევა.